“საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს” | 03.02.2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა. აშშ-ის დიპლომატიური უწყების თქმით, “მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის”.

“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის,” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „ამერიკის ხმასთან“.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. უფრო მეტიც, 18 იანვარს მან საქართველოს მთავრობა შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და თქვა, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება.