ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელს,ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს | 02.02.2023

ოპოზიციის ნაწილი  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს. სპეციალურ ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ აბაშიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე   საზოგადოებას უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება და რას ეხებოდა მისი სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან, რომლის ჩანაწერი გუშინ გავრცელდა.

აბაშიძე კარასინის საუბრის ჩანაწერს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფი. “დროას”, “გირჩის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ამ ჩანაწერს იმის დასტურად თვლიან, რომ ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან რუსულ პოლიტიკას ატარებს.

სამი ოპოზიციური პარტია, რომელიც 24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერი და ხელისულების პრორუსული კურსის საწინააღმდეგო აქციისთვის ემზადება, თვლის, რომ ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს 24–ში აქციის გამართვის საჭიროებას.

აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში შედგა,  Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. აუდოჩანაწერში აბაშიძე და კარასინი გულთბილი მოკითხვის შემდეგ, ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ლაპარაკობენ. ამ თემაზე საუბარი კარასინმა წამოიწყო და როგორც საუბრიდან ირკვევა, საქმეში უკეთ ჩახედულმა ზურაბ აბაშიძემ მას განუმარტა, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.