დასავლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის „მორიგ გამაღიზიანებლად“ – ლავროვი | 02.02.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს საქართველოს „ანტი-რუსეთად“ გადაქცევის მცდელობაში. კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24“-ის და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის „მორიგ გამაღიზიანებლად“ და სიტუაცია დააბრუნონ „სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში“. ლავროვის განცხადებით, სანქციებთან შეერთების მოთხოვნით დასავლეთის „უპრეცედენტო ზეწოლის“ პასუხად, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით.

“უბრალოდ პრემიერის და მისი მინისტრების ციტირებას მოვახდენ, რომლებმაც უპრეცედენტო ზეწოლაზე, მოთხოვნით  შემოიღონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ  და მეორე ფრონტი გახსნან,  უპასუხეს – ჩვენ ჩვენი ნაციონალური ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ რუსეთთან ვაჭრობა გვაქვს, ტურიზმი გვაქვს, ენერგომატარებლებს ვიღებთ და ეს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებშია. იმაში, რომ საქართველო უნდათ მორიგ გამაღიზიანებლად გადააქციონ და სიტუაცია სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში დააბრუნონ,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.