თუ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს, მოკვდება- ექიმების დაკითხვები სასამართლოზე | 01.02.2023

მიხეილ სააკაშვილი  სასამართლო პროცესს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო.  ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას დაესწრო. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაპატიმრებულ პრეზიდენტს კითხა უტარდება თუ არა კლინიკა ვივამედში შესაბამისი მკურნალობა. სააკაშვილმა მოსამართლეს უპასუხა, რომ  მან საქართველოს მისცა  ცოდნა, ახლა კი თუ საჭიროა  მის  სიცოცხლესაც მისცემს. ერთადერთი, რასაც ექსპრეზიდენტი ითხოვს, ეს არის მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს უკრაინულადაც მიმართა, მისი თქმით  ამაყობს უკრაინელი ხალხით, და დარწმუნებულია გამარჯვებაში. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა  თავისი ვიზუალური მდგომარეობის საჩვენებლად ჩართვის დროს მაისური აწია. არაეთიკური  სურათისთვის კი ბოდიში მოიხადა. სხეულის შიშველი ნაწილის გამოჩენის შემდეგ კამერა პალატიდან გაითიშა.

სასამართლო პროცესი კი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა კონსილიუმის  წევრი, თენგიზ წულაძე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას მეოთხე დონის კახექსიად აფასებს. ნევროლოგის თქმით, თუ სააკაშვილი 52 კილოგრამს ჩამოცდება ვეღარ გაუძლებს. მისი თქმით სააკაშვილი მძიმე პაციენტია და დემენციაზე უფრო მძიმე დიაგნოზი – კახექსიაა.

სასამართლო პროცესი კლინიკა ვივამედის ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი მედდის, ქეთევან ღვინიანიძის დაკითხვით გაგრძელდა. ღვინიანიძე ასევე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექთანია. მედდა ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილი დასუსტებულია, აღენიშნება წონის კლება. ღვინიანიძემ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდებზეც ისაუბრა. მედდა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ენდობა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ   ცენტრ “ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი სხდომათა დარბაზიდან გამააძევა. სასამართლოზე ამ დროს  ჯიშკარიანის თანამშრომელი- ექსპერტი გალინა კარმუშინა იკითხებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ემპათიის ხელმძღვანელმა  წესი დაარღვია და მოწმეს კარნახობდა, თუ რა უნდა ეთქვა. პარალელურად კი, მოსამართლე არევაძემ დასაკითხ მოწმეს ტელეფონის შენახვისკენ არაერთხელ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მომდევნო სასამართლო სხდომა 3 თებერვალს გაიმართება.