სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო. მოსამართლე არევაძემ ამით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინა სხდომაზე პენიტენციურის წარმომადგენლებმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.
პატიმარი ექსპრეზიდენტის ადვოკატები პენიტენციურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდნენ და ექსპერტებისა და საექსპერტო დაწესებულების აცილებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლოში ჩვენებას დასკვნის ავტორები, ნოდარ კაკაბაძე, ნანა კეკელიძე და აკაკი ტყემალაძეც მისცემენ.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ვერც დღეს დაესწრო. კლინიკა ვივა მედმა ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირების ნებართვა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ გასცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ მომდევნო სასამართლო სხდომა 1 თებერვალს გაიმართება.