სააკაშვილს აქვს დემენცია. ვისაც დემენცია აქვს, არ უნდა იყოს ციხეში – ბრიტანელი ფსიქიატრის დაკითხვა | 27.01.2023

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი  ბრიტანელი ფსიქიატრის, კორნელიუს კატონას დაკითხვით დაიწყო.  ფსიქიატრი სხდომას დისტანციურად ჩაერთო. ექსპერტმა სასამართლოს უთხრა რომ, მესამე პრეზიდენტს  პოსტტრავმული და  ნეიროკოგნიტური აშლილობა აქვს. მისი თქმით, კვლევების შედეგად  სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა. ფსიქიატრის თქმით, თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.

“კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების, ენის მხრივ და ვიზუალური-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მას აქვს პოსტტრავმული და ნეიროკოგნიტური აშლილობა. რამდენიმე შესაძლო მიზეზია, რასაც შეიძლება, აქამდე მივეყვანეთ. პირველი მიზეზი შეიძლება, იყოს შიმშილობა, და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ „რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა. ვადასტურებ, რაც დასკვნაში მიწერია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაეწია სათანადო მკურნალობა. ფსიქოლოგიური მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება სრულ თანხმობაშია დოქტორ გოლდსმიტის დასკვნებთან. ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მისი პატიმრობა ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ. სააკაშვილი მძიმედ და ქრონიკულად დაავადებულია,” – განაცხადა ბრიტანელმა ფსიქიატრმა, კორნელიუს კატონამ.

მოწმის დაკითხვის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს. უწყება ითხოვს საქმის მასალებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნაც დაერთოს.  ამ შუმადგომლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარე პოზიციას მომდევნო სასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს,  რომელიც 30 იანვარს 11 საათზე გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ვერც დღეს დაესწრო.   კლინიკა ვივა მედმა ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირების ნებართვა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ გასცა.  საქართვეკის ექსპრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია.