მე არაფორმალური სანქციების ქვეშ ვიმყოფები – ბიძინა ივანიშვილი | 26.01.2023

“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში” – ამ სათაურით არაერთ საერთაშორისო მედიაში სტატია გამოქვეყნდა,  სადაც ივანიშვილის ინტერესების დამცველების განცხადებაა მოყვანილი.  ყველა მედიასაშუალება, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის წერილს ტირაჟირებს, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არ არის ჟურნალისტური პროდუქტი, არამედ არის პიარ სააგენტოს მიერ გავრცელებული  პრესრელიზი. სტატიაში  წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება. ექსპრემიერის ადვოკატები ამბობენ, რომ ბანკთან ურთიერთობა “სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.  ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და “ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით” მას  სასამართლოდან სასამართლოში გზავნიან.

“2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey- ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მისი დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse- აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად,” – ივანიშვილისინტერესებისდამცველებისწერილი.

სტატიაშია ვრცლად არის საუბარი ივანიშვილის საბანკო დავების დეტალებზე და ღია მინიშნებებია საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე. სტატიის თანახმად, ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი Credit Suisse იყო, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო. ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს 500 მილიონ დოლართან დაკავშირებით. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილის ადვოკატები და პოლიტიკური გუნდის წევრები პერიოდულად აწარმოებენ კამპანიას იმის სამტკიცებლად, რომ ივანიშვილს ბანკთან პრობლემები პოლიტიკური მიზეზების დაგმო აქვს.