სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია. დღევანდელ პროცესზე, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს ბრალდებულებმა. მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბრალდების უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. სხდომას ავთანდილ წერეთელი, ჯანმრთელობის მდგომაროების გამო ვერ დაესწრო.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.