საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. მან სამძიმრის წერილი, საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს.თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ქართული ოცნების თავმჯდომარეც. „ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე“– წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასტან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
“ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის” – ნათქვამია წერილში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განცხადება გავრცელა. “შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის” – წერია, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.