მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს დისტანციურად ვერც დღეს დაესწრო. პენიტენციური სამსახურის მიერ წარდგენილ ოქმში აღნიშნული იყო რომ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც ექსპრეზიდენტმა გააკეთა მინაწერი რომ გუშინ დაკარგა გონება, ძალიან სუსტადაა და სხდომაზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებდა. სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო “ვივა მედის” ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პაციენტის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემდნენ.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე დაიკითხა.ნევროლოგმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან გამომდინარე, საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება. თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, რომლებიც სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია. მედიკოსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 8 თვის წინ დაწყებული კახექსია და კიდურებში 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ატროფია აღენიშნება.
ოთარ თოიძეს კითხვები დაუსვეს პენიტენციურის წარმომადგენლებმაც. სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენასთან დაკავშირებულ კითხვებს სასამართლო დარბაზში კამათი მოჰყვა.
სასამართლო სხდომა ცენტრ ემპატიის სხვა ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდა. ფსიქოლოგმა ლია ჩოხელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური დარღვევები აქვს. ფსიქოლოგი სიმულაციას გამორიცხავს და ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული ტესტები ზუსტ სურათს იძლევა.
სასამართლოზე მოწმის სახით კლინიკა ვივა მედის ექთანიც დაიკითხა. რომელმაც თქვა, რომ მის მიმართ მუქარა არ ყოფილა, არც ადვოკატის და არც სააკაშვილის მხრიდან. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხეს “ემპათიის” ფსიქიატრიც, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს გაიმართება.