„ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება“ | 16.01.2023

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი  მიხეილ სააკაშვილის სანახავად  მისვლას არ გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილი ამბობს რომ საქართველოში ყველა პატიმრის უფლებები და უსაფრთხოება დაცულია.

მიხეილ სააკაშვილის დედის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გიული ალასანიას შეფასებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის  ვერსიაზე საუბრობენ. “ხალხის ძალის” მტკიცებით, “სააკაშვილი თავის „პატრონებს” კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, სწორედ ამიტომ ისინი სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ. მათი განცხადებით, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, „ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”. პოლიტიკოსების ამ განცხადებაში საუბარია, რომ საბოლოო მიზანი ქვეყანაში “მეორე ფრონტის გახსნაა”. ამ საკითხზე კომენტირებისას ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილიც ამბობს რომ სააკაშვილი  ბევრ კომპრომატს მალავს და ეს ფაქტია.