პრობლემები უამინდობის გამო თბილისსა და რეგიონებში | 12.01.2023

დედაქალაქში მოსულმა თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ ქალაქში გადაადგილების პრობლემები შექმნა.  მოყინული გზების გამო ქალაქის ბევრ ქუჩაზე მანქანებს წუხელ გადაადგილება გაუჭირდათ.  „თბილსერვის ჯგუფი“ აცხადებს, რომ  გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში  იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული  ტერიტორიების გზებზე.  დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ ის არ არის აღჭურვილი ზამთრის სეზონის  საბურავებით.

დედაქალაქის გარდა უამინდობის გამო პრობლემებია საქართველოს სხვადასხვა რეგინებშიც. იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 70-მდე სახლის სახურავი დაზიანდა. ქუთაისში წაქცეული ხეების გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებული იყო, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ქარმა წააქცია ბოძები და დააზიანა ელექტროსადენები, სარეკლამო ბანერები და ღობეები. რეგიონში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.  იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.