ე.წ. სააკაშვილის სია – ვინ მოხვდება სიაში მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევისთის | 12.01.2023

ეგრეთწოდებული „სააკაშვილის სია“ ხვალ -ან ზეგ   გახდება ცნობილი. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგთან დაკავშირებით პარლამენტში იმყოფებოდა.  მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი,  მიხეილ სააკაშვილის სიაზე  სასაუბროდ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს  შეხვდა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სიაში უნდა შევიდეს ყველა ის პირი, რომელსაც, ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.  შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სიაში პოლიტიკოსები არ მოხვდებიან.

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის საელჩოში მივიდა.  ხაჭაპურიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი თავად კასიანოვი იყო,  საელჩოში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ იმ პირთა სანქცირებაა, რომელთაც ბრალი მიუძღვით მესამე პრეზიდენტის უფლებების შელახვასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაში.

“სააკაშვილის სიაზე” საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა “მაგნიტსკის სიის” ავტორს, ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, ბილ ბროუდერს. მიხეილ სააკაშვილი წერილში წერდა, რომ მას ციხეში ზუსტად ისე მოკლავენ, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. სააკაშვილი თხოვდა ბროუდერს, რომ  ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებოდა.