სააკაშვილის დაავადებები ქმნის სიკვდილის საშიშროებას – ამერიჯკელი ექსპერტის დისტანციური დაკითხვა | 09.01.2023

მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას – ეს განცხადება სასამართლოში ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ  მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოში ამერიკელი ნევროლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დისტანციურად  დაიკითხა. ექსპერტი მიიჩნევს რომ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის.

პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას   ექიმმა ხაზი გაუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია, პაციენტის უცაბედ სიკვდილამდე მიყვანა თუ ის არ არის  სწორად ნამკურნალები.

ექსპერტი ამბობს რომ, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის კადრების გასაჯაროებამ მას ღირსება შეულახა და ასევე ეს ნეგატიურად მოქმედებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობაზე. უცხოელმა ნევროლოგმა  სასამართლოში განაცხადა, რომ პაციენტი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ,  სადაც  შესაბამისი გამოკვლევა  ჩაუტარდება.

გონების კარგვის ეპიზოდებზე საუბარს სასამართლო დარბაზში მხარეებს შორის კამათი მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ  სასამართლოს სხდომას, ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო. კლინიკა ვივა მედის ადმინისტრაციამ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსპრეზიდენტს  გადაადგილების ნებართვა არ მისცა.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.