“ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ხერხეულიძე ამბობს, რომ ეს სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი. მისი თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა.
9 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ქართველი ექიმები დაიკითხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს. პატიმარი პრეზიდენტის უფლებადამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ეტაპირების რეკომენდაციას კლინიკა “ვივამედი” არ გასცემს, რადგან მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საჭიროებს ექიმების მონიტორინგს და პალატის დატოვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სიტუაცია გართულდეს. ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილმა მას საქართველოს პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მისალოცი წერილი გაატანა.