ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა, ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ – მაკფოლი | 05.01.2023

“მსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი” – ამ სათაურით სტატია The Washington Post- ში გამოქვეყნდა, რომლის ავტორი რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პროფესორი მაიკლ მაკფოლია. ამერიკელი დიპლომატი წერილში მიხეილ სააკაშვილზე ვრცლად საუბრობს და  ხაზს უსვამს პატიმარი პრეზიდენტის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას, შესაძლო მოწამვლის შესახებ  ასევე კლინიკიდან ბოლო პერიოდში გავრცელებულ სურათებს, რომლებზეც სააკაშვილი გამოფიტული და დეზორიენტირებულია.

“იმის გამო, რომ მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინაში, რუსეთის ლიდერი განაგრძობს მისი მადესტაბილიზებელი  ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის განვითარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.

ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება – ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის  პირას მყოფი. ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – სწორედ  წარსულში მისი დამსახურების გამო მის  სამშობლოში დემოკრატიზაციის საქმეში,” – მაიკლ მაკფოლის სტატია The Washington Post- ში.

მაკფოლი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ და მას მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა. მაიკლ მაკფოლი ახსენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2022 წლის ოქტომბერში მიღებულ რეზოლუციასაც, რომელშიც საუბარია პოლიტპატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე. მაკფოლი წერს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე.