პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილის “სპეციალური ნებართვის გარეშე” მონახულება აკრძალა | 30.12.2022

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის “სპეციალური ნებართვის გარეშე” მონახულება აკრძალა. განცხადება დღეს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება. დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც 2023 წლის 2 იანვრის კვირას ეხება, ძალაში რჩება.  პარლამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე 228 ნებართვა გაიცა.

იუსტიციის მინისტრმა 2022 წლის 27 დეკემბერის წერილით, აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.