უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. “უკრაინსკაია პრავდასთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას ის მოწამლეს, როცა მოულოდნელად გახდა ცუდად. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მოწამვლის ფაქტი უდავდოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და მზის სინათლე უკვე 7 თვეა არ უნახავს. გარდა ამისა, პატიმარი პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან, პუტინი საქართველოს ხელისუფლებასაც აკონტროლებს და კონტროლის დონე მისთვისაც კი მოულოდნელი იყო. გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.
“პირველ რიგში, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც მივიჩნევ ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ ჩერჩილის პერიოდის შემდეგ. მასთან შედარებით, ტეტჩერი და რეიგანი გვერდით ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად, მთელ მსოფლიოს შემოვივლიდი, ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოვიყენებდი. ასევე, მე გამუდმებით ვივლიდი ფრონტის წინა ხაზზე, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა, მილოცავდნენ დაბადების დღეს, თუმცა, წამითაც არ მავიწყდება ფაქტი, რომ უკვე 35-მა მათგანმა თავი გასწირა ომში, მათ შორის, 7-მა ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა. ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და წესიერი ხალხი, ვისაც ვიცნობ, ჩემი დამხმარე ვლადიმირ ჩავრიგი დაიღუპა ხერსონთან, ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და უბრალოდ მეგობარი. მიშა ბატურინმა მიიღო მძიმე დაზიანებები ბახმუტთან. ასეთ ფასს იხდის უკრაინა და მთელი მსოფლიო.მე თავს 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასე არასდროს მიამაყია. ომი რუსეთის სრული მარცხითა და დაშლით დასრულდება. გამარჯვების კონკრეტული ფორმულა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში იქნება) მინდა, ოდესაში დავბრუნდე – დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან.