ამერიკელი ექსპერტის და “ვივა მედის” ნევროლოგის დაკითხვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე | 29.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასამართლო პროცესზე ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი დისტანციურად  დაიკითხა. პროცესზე სმიტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია მძიმე მეტალებით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომელიც “გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და წამლავს სხვა ორგანოებს”.  დაზიანებებია ღვიძლში, გულსა და თირკმელში. ტოქსიკოლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო. ასევე, პაციენტს ​კუნთების განლევა და მუდმივი დიარეა აღენიშნება. ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, მძიმე მეტალების არსებობამ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შესაძლოა მისი ინვალიდობა და სიკვდილიც გამოიწვიოს.

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დადგენილი დემენციის დიაგნოზი მის მოწამვლასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა და არა სამედიცინო დაწესებულებაში.

სმიტმა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, რომ სააკაშვილს არ მიუღია მძიმე მეტალებთან დაკავშირებით ადეკვატური მკურნალობა, მათ შორის თერაპია და დეტოქსიკაცია. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა განაცხადა, რომ იმ წამლების ნაწილი, რითაც სააკაშვილს მკურნალობდნენ FDA-ის პროტოკოლს არ შეესაბამებოდა.

ამერიკელი ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ   სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მძიმე მეტალებისა და წამლებისგან დეტოქსიკაცია. სმიტის თქმით, საქართველოში ამგვარი სპეციალიზებული მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. სმიტი ასევე დაეთანხმა ადვოკატების პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი მისი მკურნალობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადავადდეს.

დევიდ სმიტი, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატი  საქმის ოქროს მოწმეს უწოდებსსასამართლოს კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.  მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.