დაპირისპირება და ხმაური – დაძაბული სხდომა საკრებულოში, სადაც კალაძემ ანგარიში წარადგინა | 28.12.2022

ხმაური,  გინება, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება – თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც  კახა კალაძემ 2022 წლის მერიის საქმიანობა შეაჯამა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლა თავიდანვე ხმაურის ფონზე დაიწო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე მიიტანეს ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს”, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში  დაცვის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.  დაპირისპირებისას ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა, ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

კახა კალაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას თბილისის საახალწლო სლოგანზე –  “მშვიდობის ქალაქის” შესახებ ისაუბრა.  კალაძე “ცოტა უცნაურად” მიიჩნევს საკითხთან დაკავშირებით  ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტს. მერის შეფასებით “სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს, წლევანადელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული”.

საკრებულოს დეპუტატების მიერ თბილისის მერის მისამართით დასმული კითხვებიც ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. კითხვების დასმისას საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 1 მილიარდ 632 მილიონი ლარით განისაზღვრა.