როგორ აფასებენ ოპოზიციაში და ქართულ ოცნებაში პრემიერ-მინისტრის ანგარიშს | 27.12.2022

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრის პაროდია” –  ასე შეაფასეს მთავრობის მეთაურის წლიური ანგარიში ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს და სრულად აცდენილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს დღეს ღარიბაშვილისგან ახალი არაფერი მოუსმენიათ, ამბობენ რომ პრემიერი აგრძელებს მავნებლურ განცხადებებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო  უკრაინასთან დაკაშირებით პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან უკრაინას ომში გამარჯვება არ უსურვა.

ოპოზიციისაგან განსხვავებით, “ქართული ოცნებისთვის”  მთავრობის მეთაურის ანგარიში ძალიან შთამბეჭდავი იყო. მმართველ გუნდში  დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს  ძლიერი პრემიერი ჰყავს, რომელიც ქვეყანას სათანადოდ ხელმძღვანელობს.