ელჩების კონფერენცია პირველად საქართველოს პრეზიდენტის გარეშე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს. რატომ შეიცვალა დიდი ხნის წინ, მკაცრად განსაზღვრული ადგილების რიგითობა და არის თუ არა მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტთან – კითხვა, დღეს, პრემიერმა უპასუხოდ დატოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის არ მისვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.
“დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას,” – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება.
რატომ არ დაუთმეს პრეზიდენტს პროტოკოლით გათვალისწინებული მისთვის განკუთვნილი სკამი?!- ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელბმა.
ეჭვი, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის განხეთქილებაა – დიდიხანია არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირებს შორის უთანხმოების ერთ-ერთ საკითხი სწორედ ელჩების დანიშნის საკითხმა გამოიწვია.