„არ უნდა დავუშვათ სააკაშვილის სიკვდილი“ – მარგველაშვილის წერილი და 130-ზე მეტი ხელმოწერა | 23.12.2022

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი” –  საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ განცხადება  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებას 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი უერთდება. მათ შორის მოქმედი ხელისუფლების ყოფილი თანაგუნდლები. ხელმომწერებს შორის არიან: თინა ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი ,კონსტანტინე კუბლაშვილი, ეკა ბესელია და სხვები. ყოფილი მინისტრები,  პარლამენტის წევრები და მოსამართლეები ეყრდნობიან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ასევე სხვადასხვა ექსპერტების შეფასებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ხელმომწერები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

“კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება. პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ. შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწარფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე,” – 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირის  ერთობლივი განცხადება.