მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ვერ ჩართეს – შვიდ თვიანი მოლოდინის შემდეგ დღეს პირველად პატიმარი ექსპრეზიდენტი საზოგადოებას პირდაპირ ეთერში უნდა ენახა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყო ექსპრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა იმ მიზეზით, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ჩართვის მოსამზადებლად 5 დღე ჰქონდა, რადგან 9 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძემ განმარტა, რომ თუ კლინიკა ყოფილი პრეზიდენტის ტრანსპორტირებაზე ნებართვას კვლავ არ გასცემდა, მომხდარიყო პატიმრის დისტანციურად ჩართვა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც დაცვის მხარე სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ყველა გადაადგილების ამსახველ ჩანაწერებს ითხოვს. დაცვის მხარემ განმარტა, რომ მასალები ექსპერტიზის დასკვნის გასამყარებლად მოითხოვეს და დიდი ალბათობით, ვიდეოჩანაწერებში მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვის ეპიზოდები უნდა იყოს ასახული.
სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვა და განმარტა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. მოსამართლემ კი განაცხადა რომ მტკიცებულებების გაცნობას ერთი თვე არ სჭირდება. როგორც გიორგი არევაძემ აღნიშნა, მზად არის სასამართლო პროცესი „ვივამედში“ ჩატარდეს, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შუამდგომლობების დაყენება შეძლეს. იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დისტანციურად ჩართვა, მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ მოხერხდა. საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა, რომელზეც მოსამართლე გიორგი არევაძე ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან მის გადავადებაზე იმსჯელებს, 22 დეკემბერს დაინიშნა. მოსამართლემ ეს თარიღი იმიტომ აირჩა რომ სხდომა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს არ დაემთხვეს.