ივანიშვილის სანქცირება, გვარამიას შეწყალება, სააკაშვილის გათავისუფლება –ევროპარლამენტის რეზოლუცია | 14.12.2022

ივანიშვილის სანქცირება, გვარამიას შეწყალება, სააკაშვილის გათავისუფლება –ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზე შედგენილ რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემს, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოიფხვრას. ევროპარლამენტი კიდევ ეთხელ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გაათავისუფლოს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე.   რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, “გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე, შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

საქართველოს საკითხზე  დებატები ევროპარლამენტში გუშინ გაიმართა, ევროპარლამენტარებმა განიხილეს ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.  სვენ მიქსერის თქმით,   შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, გაკეთდა მოწოდებები, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება.