ევროპარლამენტარები კატეგორიულად მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა – სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა | 14.12.2022

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების თხოვნით შეწყვიტა. მესამე პრეზიდენტის გზავნილში ნათქვამია, რომ ევრო დეპუტატები კატეგორიულად თხოვენ შიმშლობის შეწყვეტას რათა არ მიეცეს საბაბი  შესაბამის სამსახურებს იმის თქმის, რომ პატიმარი სააკაშვილი საკუთარ თავს თვითონ იზიანებს. როგორც სააკაშვილი წერს, ევროპარლამენტარები ჰპირდებიან, მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ მისი მინიმალური უფლებების დაცვა. მანამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ის ამბობდა, რომ აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით და იშიმშილებს მანამ, სანამ მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ონლაინ მაინც ჩართონ პროცესზე. სააკაშვილმა გადაწყვეტილება დღის ბოლოს შეცვალა.

“ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის განხილვებში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.