კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა | 07.12.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების, ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება  3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ,” – პატრიარქის სამძიმარი.

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას  5 ქართველის  სიცოცხლე 3 დეკემბერს ემსხვერპლა. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წერტილად მიიჩნევა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე ქართველი მბერძოლი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.  უკრაინაში პუტინის ომს ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.