„ქართული ოცნების“ დაგვიანებული სამძიმარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს | 05.12.2022

ორ დღიანი დუმილის შემდეგ დაღუპული გმირების ოჯახებს სამძიმარი დღეს გამოუცხადეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა. პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების შემდეგ გამოეხმაურა  უკრაინაში ბოლო დღეებში 6 ქართველი მებრძოლის გარდაცვალებას. შალვა პაპუაშვილმა, ჰააგაში ვიზიტისას თქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია.

დუმილი დაარღვია დედაქალაქის მერმაც, კახა  კალაძე სამძიმრის ვიდეო მიმართვას რომიდან ავრცელებს,  სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ხელისუფლების ორ დღიან დუმილს სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ  საქართევლოს მთავრობის ქმედება  თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა.

“ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა!” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს.  მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელი სამძიმრით, ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს და  ის თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ისტორიაში – ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით.

ქვეყნის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი იყო,  ვინც სამძიმრის წერილი დაღუპულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან მალევე გამოაქვეყნა.

ამ დრომდე უცნობია  როდის ჩამოასვენებენ საქართველოში უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედროებს.  გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ქართველი სამხედროები მშვიდობისთვის იბრძოდნენ.

“მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!”– წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ერთ-ერთია  ცხელი წერტილია. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.