სააკაშვილის ბედი მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გადაწყვიტოს, რომელმაც მის შეწყალებაზე უარი თქვა | 02.12.2022

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. მესამე პრეზიდენტის შესახებ გადაწყვეტილება ახლა იმ მოსამართლემ უნდა მიიღოს, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ერთხელ უკვე გამოიტანა. მოსამართლე არევაძემ წარსულში მესამე პრეზიდენტს გირგვლიანის ანუ ე.წ. შეწყალების საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, გიორგი არევაძე სხვა პოლიტიკურად გახმაურებულ სამქეებშიც ფიგურირებს, მათ შორის, არევაძე გარკვეული პერიოდით,  ნიკა გვარამიას საქმეს განიხილავდა.  არევაძის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი გახმაურებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც.

1 დეკემბერს ცენტრმა “ემპათიამ”  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის მიხედვით,  სააკაშვილს  20-ზე მეტი დიაგნოზი აქვს, საიდანაც დაახლოებით 10 დიაგნოზი წამყვანია.   ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ, ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაშიც გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა.