“მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით” | 02.12.2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს. განცხადება ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა, რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.

“ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით – თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის ამისთვის,” – განაცხადა ჯო  ბაიდენმა.