ზურაბ ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს | 02.12.2022

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ცოლი, ნატა ქორიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, სოციალურ ქსელში  წერს, რომ სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს.  ქორიძის თქმით,  მისთვის მოულოდნელი იყო სამინისტროში 17-წლიანი მუშაობის ასეთი დასასრული. სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ სტატუსში, ქორიძე მიანიშნებს იმაზე, რომ რეორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებში ორაზროვანი შინაარსის მატარებელია.

“დიდხანს ვიფიქრე რა და როგორ დამეწერა. და დავწერ მარტივად. გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა უქმდებაო. ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.  საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს  პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი – ნატო-ში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ, რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს.  არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა ჩემს სამინისტროში. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა,” –  წერს ნატა ქორიძე.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ცოლის  სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად აცხადებს, რომ სამინისტროში  რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ამ პროცესის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ.