“ვივამედში” მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად მივიდა. გამომძიებლის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მოწამვლას ეხება, საგამოძიებო უწყება სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს. მესამე პრეზიდენტი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა და შესაბამისი ნიმუშებიც აიღეს. ცნობისთვის, ექსპერტიზა კოკა კაციტაძის უწყებამ 8 თვის წინ ჩანიშნა, თუმცა უწყების წარმომადგენელი კლინია “ვივამედში” დღეს მივიდა.
მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამაც. ექსპრეზიდენტმა სწორედ მისგან გაიგო, რომ მისი საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე იქნება. მოითხოვენ თუ არა მოსამართლის აცილებას ეს ჯერ უცნობია, თუმცა გიული ალასანიას იმედი აქვს, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემენ.