აშშ კვლავ გააკეთებს ყველაფერს, რომ დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში – რიკერი | 01.12.2022

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი,ფილიპ რიკერი თბილისშია. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ  რესტორანში სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.

ინფორმაცია და 12  წამიანი ვიდეო მთვრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ადმინისტრაცია წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

საქართველოშ ამერიკის საელჩომ კი ფილიპ რიკერის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოსთვის  უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის  ხელშეწყობის პოლიტიკის ერთგული რჩება.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს.

მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის.

ოქტომბერში მე ვხელმძღვანელობდი აშშის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ვიზიტის დროს, მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშსა და საქართველოს ხელი შეუწყონ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება,იმისა, რომხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს მოიცავს ჩვენს მყარ  ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაყი ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აშშ  კვლავ გააკეთებს ყველაფერსრაც შეუძლია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს  სურს და იმსახურებს.

ბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და აშშსთან პარტნიორობისთვის. თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“, – აცხადებს ფილიპ რიკერი.