სასამართლომ „ტვ პირველს” და წამყვან მაია მამულაშვილს კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა | 30.11.2022

სასამართლომ „ტვ პირველს” და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის   მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. თბილისის მერმა სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე 20 ივნისს მიმართა. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვდა.   ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში გასულ, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

დედაქალაქის მერი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება.  კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ “არხი  პოლიტიკას შეცვლის”.

“ტვ პირველის”  საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.   მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის. რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის,” – წერს კახა კალაძე.