ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს | 30.11.2022

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.  სასამართლოს მიმართეს ბრალდებულებმა. ერთ-ერთმა დაკავებულმა  “გრინსერვის +”-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ  სხდომაზე განაცხადა, რომ მას შვილებთან და ცოლთან სატელეფონო საუბრის უფლებას  არ აძლევენ.

საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობის გამოკვეთას არ გამორიცხავს. პროკურორი ექსპერტიზების დასკვნის მიღების შემდეგ, დაკავებულების მიმართ ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს.

ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ  შადრევანში  ტრაგედია 13 ოქტომბერს  დატრიალდა.   მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა  დაარტყა.  მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.  ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, დაკავებულია შადრევნის რეაბილიტაციასთან შემხებლობაში მყოფი 9 პირი.