საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს – მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 29.11.2022

“საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს” – ეს განცხადება დღეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე გაკეთდა.  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პარლამენტში განხილვის  მთავარი თემა იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა, ნებისმიერი დღე მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

დედაქალაქში არსებული წყლის მიწოდების პრობლემაზე ისაუბრა პლენარულ სხდომაზე  “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.  დეპუტატის თქმით, კომპანია „ჯივიპის“ თბილისის წყლით მომარაგება ევალება, სინამდვილეში კი  მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული. ელისაშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მოუწოდა, კომპანია „ჯივიპი“ დაიბაროს და ახსნან, თუ რა ხედვა აქვთ პრობლემის მოგვარების კუთხით.