პრობლემა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, დროა დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები – დევიდ კრამერი | 29.11.2022

საქართველოში კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.   კრამერმა თქვა, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების გადახედვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ აშშ-მა კონკრეტული ზომები კონკრეტული პირების მიმართ მიიღოს. კრამერმა ინტერვიუში თქვა ისიც, რომ   ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს.

“ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რეფორმებით განპირობებული დახმარება ვიხილოთ. მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები, გარკვეული პირების წინააღმდეგ. თუ ჩვენ, ჩვენს დახმარებას რეფორმების პროგრესზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს. ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია,” – განაცხადა დევიდ კრამერმა  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში .

რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას. ამ საკითხზე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს   აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტიც. მისი თქმით,  თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას ნამდვილად არ შეუმცირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შეუქმნას.

“ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს,” –  განაცხადა ჯონ ჰერბსტმა „ ამერიკის ხმასთან“  ინტერვიუში.