მწვავე გზავნილები ბრიუსელიდან – ანა ფოტიგას კონფერენცია | 29.11.2022

“ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” – ამ სახელწოდებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ დღეს ბრიუსელში კონფერენცია გამართა. ანა ფოტიგას მიერ მოწვეული კონფერენციის ფარგლებში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს  საქართველოში აშშ-ის ყოფილმა  ელჩმა, იან კელიმ, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა და   პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა, თორნიკე გორდაძემ.

“ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს ნამდვილად ათასობითწლიანი ისტორია და ტრადიციები აქვთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუბნიოს ვინმემ გზა. განსაკუთრებით კორუფციულმა, მაფიოზურმა სახელმწიფომ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწოდება და რომელიც საომარ დანაშაულს სჩადის. ქართველები იბრძვიან მხარდამხარ უკრაინელებთან ერთად.  დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაიგებს და შეისისხლხორცებს ქართველების წმინდა სურვილს, რომ შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ოჯახს, რაც შეიძლება მალე,” – განაცხადა ანა ფოტიგამ.