ცხრამუხის დედათა მონასტერში, მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმას სამი პარტია – “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ეხმაურება. ოპოზიციური პარტიები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მონაზვნის მიმართ ძალადობა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი მძიმე გარემოს შედეგია. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქცია. სამი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ, ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ფუნდამენტური და კომპლექსური ცვლილებებია საჭირო.
„ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია. ამ და უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრორუსულ „ქართულ ოცნებას“, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქციეს. დაუცველია ყველა – ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა. აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, პროკრემლისტური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა. სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები,” – სამი პარტიის განცხადება.