ექიმებმა სააკაშვილი სასამართლოზე არ გაუშვეს | 28.11.2022

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს. სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა გამოთქვა.  სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის არდასწრების მიზეზი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმება თვალშისაცემია – ნინო ლომჯარიამ  დღეს კლინიკა ვივამედში ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესის დაწყებამდე  მოინახულა.  ომბუდსმენის თქმით, ექსპრეზიდენტს უჭირს საუბარი და  ხელის მოძრაობა, ფეხზე ვერ დადის და სულ წევს.  ომბუდსმენი ამბობს, რომ სააკაშვილს მხოლოდ 10 წუთით ესაუბრა, რადგან მან მეტი ვერ შეძლო.