საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. ამის შესახებ ეჭვები “ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ გაჩნდა. საპარალმენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტი ‘’ნაცების ნარატივში ჩამჯდარად და არაადეკვატურად’’ მოიხსენია. მმართველ პარტიაში ფიქორობენ რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება იქნება, რასაც შესაძლოა პროტესტი მოჰყვეს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და შეწყალების საფუძველი არ არსებობს.
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კი პრეზიდენტისგან ითხოვს უფრო მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და ნურავინ, მათ შორის ნურც პრეზიდენტი, ნუ განიზრახავს, რომ მოსამართლეს რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს.
“დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი” – ამ განცხადებას ცენტრი “ემპათია” რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ აკეთებს. ცენტრ “ემპათიის” დირექტორი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მარიამ ჯიშკარიანის თქმით ამერიკიდან მიღებულია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თმის ღერთან დაკავშირებით, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები, ჯიშკარიანის თქმით სააკაშვილის ორგანიზმში ლიმიტირებულ ზღვარზე მაღალი დოზით სამი ქიმიური ნივთიერებაააღმოჩენილი: “ბისმუტი”, “ბარიუმი” და “ვერცხლის წყალი”. “ემპათიას” ხელმძღვანელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან პაციენტს სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა.
სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, თქვა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. გარდა ამისა გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდოგმარეობას ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.