ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას და არასამტავრობო ორგანიზაციებს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი დაუბრუნა. წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმეს, და იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, ამბობენ რომ ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვები გაჩნდა. წერილში აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით. შარლ მიშელის კაბინეტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სასამართლო რეფორმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი ნიკა გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით. ევროკავშირში არ კეთდება კომენტარები ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბატონი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბატონი გვარამიას საქმეზე. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის ის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს,” – შარლ მიშელის პასუხი.