უნდა გადაიგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში განსახილველად ? | 24.11.2022

უნდა გადაიგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში განსახილველად – ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის წევრებს ამ დრომდე განსხვავებული პოზიციები აქვთ.  ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ითხოვს პროექტი შესაფასებლად ევროპელ ექსპერტებთან გადაიგზავნოს.

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისათვის კანონპროექტის გაგზავნას არ ჩქარობს, საპარლამენტო უმრავლესობა ევროპელი ექსპერტებისაგან უკრაინული კანონის შეფასებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გაირკვა უკრაინული კანონი ვენეციის კომისიაში აღარ განიხილება და ის უკრაინულმა მხარემ უკან გაიწვია. ოცნება, რომელიც ვენეციის კომისიისთვის ქართული კანონის არგაგზავნას იმით ხსნიდა, რომ მისი უკრაინული ვერსია კომისიამ უკვე მოიწონა, პოზიციას მაინც არ ცვლის.

დღეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის  დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიპლომატი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც არ იარსებებს ვინმეს პირადი ინტერესები და გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე. ელჩის თქმით, ვინაიდან საქართველომ ამ საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, “ძალიან მნიშვნელოვანია”, ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს.