ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა | 23.11.2022

ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა. 2003 წელს საპარალმენტო არჩევნების გაყალბებას   ქვეყანაში მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასაც აპროტესტებდნენ. პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის დროს საქართველოს პარლამენტის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები სხდომათა დარბაზში ვარდებით ხელში შეიჭრნენ, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი დაცვამ გაიყვანა, დარბაზი მომიტინგეებმა დაიკავეს. რამდენიმე საათში პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა: “ჩვენ ვაძლევთ პრეზიდენტს ნახევარ საათს და ამის შემდეგ, თუ თქვენი თანხმობა იქნება, დავიძრებით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ”. მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა. მის გადადგომას 21-დღიანი საპროტესტო გამოსვლები უძღვოდა წინ. რამდენიმე თვეში  საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათზე,  თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.