ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის #16 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახავს, რომელთა საფუძველზეც საიამ რეკომენდაციები მოამზადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება გირაო და პატიმრობა. მათივე ცნობით, სუსტია სასამართლოს კონტროლი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შუამდგომლობებისა და დაკავების კანონიერების შეფასების ნაწილში. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 33 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს 15 წუთამდე დრო დასჭირდა.
საია-ს შეფასებით, მწვავე პრობლემად რჩება ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საქმეები.
ანგარიში მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ანგარიშის პრეზენტაციაზე ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია.