“დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა მნიშვნელოვანი რჩევაა” – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანი ეთანხმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ვენეციის კომისიაში გაგზავნოს. დიპლომატის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ახალი და კომპლექსურია, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მას მიღებამდე გადახედონ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ მის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გაიწვია – “ქართული ოცნების” მისამართით ახალი კითხვები გაჩნდა. მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ აპირებდა ეხელმძღვანელა ვენეციის კომისიის მიერ უკრაინისთვის დაწერილი დასკვნით, ვინაიდან მმართველმა გუნდმა დეოლიგაქრიზაციის კანონი უკრიანულიდან თარგმნა და შესაბამისად არგუმენტი ის იყო, რომ დასკვნა საქართველოსთვისაც იდენტური იქნებოდა. მმართველ გუნდში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობის რეკომენდაციას.
ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსი ამ დრომდე ვერ შედგა. ოპოზიციის უმრავლესობა, “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის მოდელს, მხარს თავიდანვე არ უჭერდა. სწორედ ამიტომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, პარლამენტს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული და უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტისგან. პარალელურად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კვლავ ვერ თანხმდება იმაზე თუ ვინ არის ოლიგაქრი საქართევლოში. ქართულ ოცნებაში ოლიგარქად -ყოფილ თავადაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მიიჩნევენ, ოპოზიციისთვის ერთადერთი ოლიგარქი კი ბიძინა ივანიშვილია.