მწვავე პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში – პრემიერი ოპოზიციის ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს | 18.11.2022

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულმა პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ირაკლი ღარიბაშვილი  პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიწვევით მივიდა.  დეპუტატების კითხვები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკომისიის პირობების შესრულებას ეხებოდა.

საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი აქცენტი ისევ წარსულზე საუბარი იყო. პრემიერმა  ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ოლიგარქად გამოაცხადა, ვანო  მერაბიშივლი კი ნაციონალური მოძრაობის არაფორმალურ მმართველად დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროკომისარ, ოლივერ ვაჰრეიზე  თავდასხმაში დაადანაშაულა. გარდა ამისა პრემიერმა აღნიშნა, რომ ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები მიუღებელია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დეპუტატებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს.

მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო უწოდა. გარდა ამისა ღარიბაშვილმა უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.  ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები ქართული ოცნების მისამართით ბევრია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას კიდევ ერთხელ თქვა რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა მეორე ფრონტის გახსნაა.