76 მომხრე, 6 – წინააღმდეგი – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს | 16.11.2022

76 მომხრე, 6 – წინააღმდეგი – დეოლიგარქიზაციის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტმა კენჭი მეორე მოსმენით უყარა. დეოლიგაქრიზაციის პუნქტი კანონმდებლებს შორის კვლავ დაპირისპირების თემა იყო. ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკნვამდე კანონპროქტზე კენჭისყრის გადადებას ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ამას მორიგი სპეკულაცია და მავნებლობა უწოდა.

პარალელურად, მმართველმა პარტიამ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიხედვით, კონკრეტული პირისთვის ოლიგარქის სტატუსს პარლამენტის ნაცვლად, ახლა მთავრობა განსაზღვრავს. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი პროექტი მიუღებელია, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობას არ შეესაბამება.  მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ  ოპოზიციას შესთავაზეს წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები, რა ჩაეწერათ კანონში, თუმცა ასეთი ხედვები მათგან არ მოუსმენიათ.