უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში ჩავიდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის.
ხერსონში მოპოვებული წარმატების პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლება გაათავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაციას, ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულ დასახლებებს ოკუპანტები გამუდმებით ბომბავენ, ამიტომ უკრაინული მხარე იქ მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 81 370 ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია რუსეთის 2848 ტანკი, 5748 ჯავშანტექნიკა, 1839 საარტილერიო სისტემა, 278 თითმფრინავი, 261 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა.