ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15 ნოემბერს, დიდი ოცეულის სამიტი იწყება, რომელიც დიდი ოცეულის ქვეყნების რიგით 17–ე შეხვედრაა. რუსეთ–უკრაინის ომის გამო ეს სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დიდი ოცეული – ეს არის ევროკავშირის წარმომადგენლების და 19 სახელმწიფოს გაერთიანება, რომელთა შორის არიან – არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, რუსეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, იაპონია და საუდის არაბეთი. სამიტზე დასასწრებად ბალიში უკვე ჩავიდნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათ შორის აშშ–ს პრეზიდენტი. ბაიდენმა უკვე გამართა შეხვედრები. ერთ–ერთი პირველი შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შედგა.
უკრაინის პრეზიდენტი სამიტის მონაწილეების წინაშე ონლაინ ფორმატში გამოვა. პუტინი კი ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ბალიში ჩასვლაზე უარი ორი დღის წინ თქვა. ის შეხვედრას არც ონლაინ დაესწრება. რუსეთს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ოცეულის სამიტზე ბალიში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საავადმყოფოში მოხვდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სამინისტროს პრეს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სასტუმროში ჩაწერილი ვიდეოთი უპასუხა, რომელშიც ლავროვი შორტებში ზის და ამბობს, რომ ჯობს ჟურნალისტებმა ხშირად დაწერონ სიმართლე.
გერმანიის კანცლერი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ დიდი ოცეულის სამიტს პუტინი არ დაესწრება. გერმანული მედია გერმანიის კანცლერს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა პუტინი სამიტს პირადად დასწრებოდა და პირადად მოესმინა ყველა კითხვა და კრიტიკა, მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილისგან.
“როგორც ჩანს, ამიტომაც არ არის აქ“– ამბობს შოლცი და ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ პუტინის არყოფნა ხელს ვერ შეუშლის სხვა ქვეყნებს კრემლის დამპყრობლური ომის კრიტიკაში და მოწოდებაში, მოსკოვმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს და მშვიდობიანი მოლაპარაკების პირობები შექმნას. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ინდონეზიის პრეზიდენტი და სხვა გავლენიანი ინდონეზიელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ მოწოდებით, შემსუბუქდეს კრემლის კრიტიკა სამიტის პერიოდში, რათა არ მოხდეს სამიტის მონაწილეთა ერთობლივი განცხადების ჩაშლა.